ახალი ამბები
აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრი" მინსკში გაემგზავრა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვსა და მინსკში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას "საგარეო უწყება" ავრცელებს. "სამუშაო" ვიზიტის მიზნად დასახელებულია "ურთიერთქმედების აქტუალური საკითხების განხილვა", თუმცა არ არის მითითებული, ვის შეხვდება არძინბა.

19 დეკემბერს სოხუმიდან მოსკოვში "პარლამენტის დელეგაცია" ჩავიდა ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად.

მიმდინარე წლის მარტში რუსეთისა და ბელარუსის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აფხაზეთში ჩავიდა და აფხაზ ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრები "აფხაზ, რუს და ბელარუს ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერებას" დაეხმარება. ბჟანიამ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ბელარუსის რეჟიმს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში, 28 სექტემბერს ჩავიდა, სადაც ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს.

აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.



Print