ახალი ამბები
მესტია ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის „Best Tourism Villages by UNWTO“(საუკეთესო ტურისტული სოფელი) ერთ-ერთი გამარჯვებული მესტია გახდა, რომელიც, ამავე დროს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილს შორის შეირჩა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, „Best Tourism Villages by UNWTO“ -ის პროექტი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულის სტატუსი ენიჭება გამორჩეული დანიშნულების ადგილების მქონე ლოკაციებს, მათ შორის მიმართულებას, სადაც სანიმუშოდ ვითარდება სოფლის ტურიზმი, გააჩნია აღიარებული კულტურული და ბუნებრივი რესურსები და ამასთანავე აქტიურად და ეფექტიანად არის უზრუნველყოფილი ადგილობრივი საზოგადოების ძირითად ღირებულებებსა და ცხოვრების წესზე დაფუძნებული ინტერესები და საჭიროებები.

„Best Tourism Villages by UNWTO“-ის ნომინაციაში გამარჯვებულ სოფლებს გააჩნია ტურიზმის მდგრადი განვითარების ნათელი ხედვა, რაც მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისკენ“,-ნათქვამია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მესტიის გარდა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საუკუთესო ტურისტული დანიშნულების ადგილის ნომინაციაში სულ 18 ქვეყნის 32 ლოკაცია შეარჩია.


ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია


Print