რეგიონი
სოხუმში UNISEF-ის მხარდაჭერით ჩვილ ბავშვთა კვებისთვის პარკებში სპეციალური კუთხეები მოეწყო
გაეროს ბავშვთა ფონდის - UNISEF-ის მხარდაჭერით სოხუმის რამდენიმე პარკში ჩვილ ბავშთა კვებისთვის, მეძუძური დედებისთვის, სპეციალური სკამები დამონტაჟდა. ინფორმაციას და ფოტოებს ფონდი "ასარკია" საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

აფხაზური მედიის თანახმად, გაეროს ბავშვთა ფონდი ერთ - ერთია იმ საერთაშორისო ორანიზაციებს შორის, რომელიც აგრძელებს აფხაზეთში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" პროექტი დახურა. საუბარია პროექტზე, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას ინკლუზიური განვითარების გზით.

19 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ინალ არძინბამ ადგილზე მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ ჭორლდ Vისიონ-ის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს და UNDP (გაეროს განვითარების პროგრამის) აფხაზეთის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მან განაცხადა, რომ მიუღებლად მიაჩნია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

უფრო ადრე, 2021 წლის 6 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება მოითხოვდა, რომ მასთან წინასწარ შეთანხმდეს ადგილობრივი არასამთავრობოების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.


Print