ახალი ამბები
ენგურზე გადმოსულებისთვის საახალწლო ტკბილეულის გადასაცემად თანხებს აგროვებენ
წინასაახალწლო დღეებში ენგურის ხიდზე გადმოსული ადამიანებისთვის სიმბოლური სასაჩუქრე პაკეტების გადასაცემად თანხების შეგროვება დაიწყო. იდეა პლატფორმა "აფხაზური ამბების" დამფუძნებელს, გელა ხასაიას ეკუთვნის. ინიციატივის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა და მოქალაქეებს ჩართულობისკენ მოუწოდა. 

რადიო "ათინათთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ ამ გზით სურთ საახალწლო დღეებში აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს აგრძნობინონ ზრუნვა და ყურადღება.

"ეს იდეა გაჩნდა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებას არასდროს ახსოვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, არც ახალი წელი აღმოჩნდა ის დრო, როდესაც, რამე სახით გამოხატავდნენ სოლიდარობას და გაუწვდიდნენ დახმარების ხელს. როგორც იცით საახალწლოდ პროდუქტების შესაძენად ბევრი ადამიანი გადმოდის და იმის ნაცვლად, რომ მთავრობა დაეხმაროს მათ, პირიქით, უკრძალავენ და ხელს უშლიან მცირე ოდენობის გასაყიდი ყველის ან სხვა სოფლის პროდუქტის გადმოტანაში, აწუხებენ, ჩხრეკენ და ა.შ.

მეგობრებთან ერთად ვიფიქრე რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. იმ დასკვნამდე მივედით, რომ მთავრობასთან საუბარს აზრი არ აქვს, მათ ჩვენი ხმა არ ესმით. გადავწყვიტეთ ჩვენი რესურსებით, მოქალაქეების დახმარებით შეგვეგროვებინა თანხა და დაგვერიგებინა სასაჩუქრე პარკებით ტკბილეული თუ სხვა პროდუქტი, რომელიც ყოველდღიურად სჭირდებათ, ან საახალწლო მაგიდისთვის. ვიცით, რომ ეს არ იქნება გრანდიოზული რამ, რაც ვინმეს ცხოვრებას შეცვლის, მაგრამ იქნება ჩვენგან მესიჯი, რომ გვახსოვს, გვიყვარს ეს ადამიანები, რომ გვინდა მათზე ზრუნვა, რის გამოხატვასაც ვეცდებით", - თქვა გელა ხასიამ.

მისი ინფორმაციით, საქველმოქმედო აქცია ენგურის ხიდის მიმდებარედ, სავარაუდოდ, 29 დეკემბერს ჩატარდება.

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

თიბისი ბანკი - GE91TB7144345064300014; 

საქართველოს ბანკი - GE32BG0000000847574400.


Print