ახალი ამბები
აფხაზეთს სჭირდება კერძო ინვესტიციები - ვოლვაჩი
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის განცხადებით, "რუსი ინვესტორები მზად არიან განახორციელონ კერძო ინვესტიციები აფხაზეთსა და ოსეთში, რაც მისი თქმით, ამ რესპუბლიკებს ძალიან  სჭირდება", წერს "ეხო კავკაზა".

ვოლვაჩმა "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში" რუსული შემოსავლების წილის ზრდაზე მიუთითა.

"მაგალითად, 2013 წელს ჩვენი საკუთარი შემოსავლების წილი "სამხრეთ ოსეთის" ბიუჯეტში 7 პროცენტი იყო, ახლა თითქმის 20 პროცენტია, აფხაზეთის რესპუბლიკაში 40%-დან 50%-მდე გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ რესპუბლიკების ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და საკუთარი შემოსავლებისა და ხელფასების ზრდა, როგორც საჯარო სექტორში, ასევე, ზოგადად, რესპუბლიკებში იქნება მიღწეული", - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დეკემბრის დასაწყისში დაამტკიცა დოკუმენტი 2022 – 2025 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ. შესაბამის შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის აგვისტოში მოეწერა, ნოემბერში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მისი რატიფიცირება მოახდინა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულების განხორციელების მიზნით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 22 მილიარდ რუბლზე მეტი დაიხარჯება. აქედან 15,4 მილიარდი გამოიყოფა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან, დანარჩენი 6,7 მილიარდი კი სარეზერვო ფონდიდან.  ამავე ცნობით, თანხების ძირითადი ნაწილი "აფხაზეთის ენერგოსისტემის მოდერნიზებას, სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასების ამაღლებას და ეკონომიკის ძირითადი დარგების: სოფლის მეურნეობის, სამრეწველო გადამამუშავებელი და ტურიზმის მხარდაჭერას მოხმარდება".

რუსეთმა 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები , იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.

Print