ახალი ამბები
სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ დავაზარალოთ ზუგდიდელი ამომრჩეველი - მაია კალანდია ბიუჯეტზე
მე არ ვცნობ მამუკა წოწერიას, როგორც მერს, უბრალოდ, ჩვენ ტექნიკურად სხვა გამოსავალი არ გვაქვს, იმისათვის, რომ არ დავაზარალოთ ზუგდიდელი ამომრჩეველი, გადამხდელი მოსახლეობა და ამიტომ იძულებული ვართ, კენჭი ვუყაროთ ამ ბიუჯეტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მაია კალანდიამ მას შემდეგ უთხრა, რაც საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მანამდე, მან დეპუტატებს და სხდომაზე მყოფ ზუგდიდის მერს მიმართა. კალანდიას თქმით, ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობისას მერიისთვის მიწოდებული შენიშვნების უმრავლესობა გაითვალისწინეს, თუმცა ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი კვლავინდებურად, საჯარო მოხელეების ხელფასებზე იხარჯება. 

"ის, რომ ბიუჯეტი არის 57 მილიონი, არაფერს ნიშნავს. ამ ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მხოლოდ ხელფასებია. ამ ერთი წლის განმავლობაში რასაც ვმუშაობთ, პირველად ვხედავ, რომ აქ არის პოლიცია. არ ვიცი რატომ მოჰყვა მამუკა წოწერიას პოლიცია. "ნაციონალური მოძრაობა" ეთანხმება ამ ბიუჯეტს, ჩვენ ვიმუშავებთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი იყოს უფრო მორგებული ხალხის საჭიროებებზე. მე მორალურად ვერ ვხედავ საჭიროებას, რომ მერად აღვიქვა წოწერია და პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას", - თქვა მაია კალანდიამ.

სხდომაზე მყოფ დეპუტატებს ამ წუთებში მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია მიმართავს. 

ბიუჯეტის განხილვა ხმაურით დაიწყო.


Print