ახალი ამბები
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან თანამშრომლის გათავისუფლება სააპელაციომ უკანონოდ ცნო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ყოფილი თანამშრომლის, თამარ ქომეთიანის გათავისუფლების შესახებ უკანონოდ ცნო და სასახლეს, მისი აღდგენის ნაცვლად, კომპენსაციის სახით, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) ავრცელებს. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის იურისტი, თეა თედლიაშვილი იცავდა გათავისუფლებული ქალის უფლებებს.

"თამარ ქომეთიანი გაათავისუფლეს უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რაც დადასტურდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ თვითმმართველ ერთეულებში დაიწყო მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებიდან პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლების ტალღა.  აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ზუგდიდი მუნიციპალიტეტის "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" 80 თამანშრომლიდან ყველას, თამარ ქომეთიანის გარდა, გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ამ გადაწყვეტილებას თამარ ქომეთიანი თავის პოლიტიკურ შეხდულებებს და საქმიანობას უკავშირებს.  სამსახურის დირექტორმა ქომეთიანს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერი პოსტის ფეისბუქზე გაზიარების გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობა შეუფარდა, ხოლო მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლა", - ვკითხულობთ "სამართლიანი არჩევნების განცხადებაში.

თამარ ქომეთიანმა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე მედიასთან მიმდინარე წლის იანვარში ისაუბრა და თქვა, რომ მასზე ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა.


ამავე თემაზე: 

ISFED ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან გათავისუფლებული თანამშრომლის უფლებებს დაიცავს

გახარიას მხარდაჭერისთვის გამათავისუფლეს - ზუგდიდის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი

Print