ახალი ამბები
სანამ "სამშვიდობო ხელშეკრულება" არ გაფორმდება საქართველოს მხრიდან საფრთხე რჩება - სოხუმი
2022 წლის შეჯამებისას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს "საგანგებო დავალებათა ელჩმა" კან ტანიამ განაცხადა, რომ "აფხაზეთ - რუსეთის ურთიერთობა ვითარდება და მყარდება", მაშინ როდესაც "საქართველოს რესპუბლიკასთან ურთიერთობა ადგილიდან არ იძვრის, რის გამოც, აფხაზეთმა თავის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს". მისი თქმით, "სანამ საქართველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება" არ გაფორმდება "საქართველოს მხრიდან საფრთხე მაინც არსებობს". ამის შესახებ აფხაზმა დიპლომატმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

ტანიამ დასძინა, რომ ქართულ საზოგადოებაში რევანშისტული განწყობები გრძელდება და ამ ყველაფერს გარკვეული პოლიტიკური ძალების ახალისებენ და კვებავენ.

"დღეს რუსეთი ჩვენს სამხედროებთან ერთად სრულად უზრუნველყოფს აფხაზეთის უსაფრთხოებას, მაგრამ, პირობითად რომ ვთქვათ, ხვალ შეიძლება ვითარება შეიცვალოს და ქართველებმა ამით ისარგებლონ", - აღნიშნა მან.

"საგარეო უწყების" წარმომადგენლის თქმით, "აფხაზეთმა სიფხიზლე არ უნდა დაკარგოს და გააძლიეროს უსაფრთხოება".

"აუცილებელია გავაფორმოთ დამატებითი ხელშეკრულებები რუსეთთან, რომელიც ხელს შეუწყობს რესპუბლიკის დაცვას, გავაგრძელოთ მონაწილეობა ჟენევის დისკუსიებში და მივაღწიოთ საქართველოსთან იურიდიულად სავალდებულო - ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას", - განაცხადა ტანიამ.

რუსეთმა 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები , იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
Print