ახალი ამბები
გამორთეთ "მაინერები" - მესტიაში მოსახლეობას ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვისკენ მოუწოდებენ
მესტიის მერია "ენერგო პრო-ჯორჯიას" ინფორმაციაზე დაყრდნობით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ბოლო დღეების განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი. 

"ჭარბი მოხმარების გამო ქვესადგური მუშაობს ბოლო ზღვარზე და ამოწურულია ყველანაირი რესურსი, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ სისტემა გაითიშოს და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.

მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გამორთეთ ე.წ "მაინერები" და ყველა ის მოწყობილობა რომელიც არ არის საჭირო საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და მოახდინეთ ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვა!", - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

ამავე ცნობით, ამ ეტაპზე მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მესტიაში ადგილობრივები ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან. კრიპტოვალუტის "მაინერების" გამოყენების გამო ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველწლიურად იჩენს თავს, თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელია.
Print