ახალი ამბები
სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი "თენგულიაში" საავადმყოფოში გარდაიცვალა - მედია
სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი თენგიზ ლაკერბაია (თენგულიაში) გარდაიცვალა. ინფორმაციას აფხაზური ტელეგრამ არხები და სააგენტო "პრაიმ კრაიმი" ავრცელებენ. ამავე ცნობით, მისი გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა. 41 წლის ლაკერბაია სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

"ეხო კავკაზას" თანახმად, ლაკერბაია რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი აფხაზეთში. ამავე ცნობით, შესაძლოა, სოხუმის სანაპიროზე 2019 წლის 22 ნოემბერს რესტორან "სან რემოსთან" მომხდარი სამმაგი მკვლელობაც მას უკავშირდებოდეს. მაშინ ორმხრივი სროლისას ორი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაიჭრა, მათ შორის მძიმედ, 21 წლის დომინიკა აკირტავა, რომელიც უფრო გვიან, 3 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2021 წლის 21 ნოემბრის ღამეს თენგიზ ლაკერბაიას ლიკვიდაციის მცდელობა მოხდა. გამოცემის ცნობით, თავად "კანონიერი ქურდი" მაშინ არ დაშავებულა. ერთი კვირის შემდეგ აფხაზმა სამართალდამცავებმა, ლაკერბაიაზე შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი გარი ავიძბა დააკავეს.

2020 წელს სოხუმის საქალაქო სასამართლომ თენგიზ ლაკერბაია დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სასამართლომ მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, 2021 წლის 8 ივლისს ის გაათავისუფლეს.

2018 წელს ლაკერბაია სასამართლოდ დამნაშავედ ცნო ხულიგნობაში - რუსეთის საელჩოს თანამშრომლის, აფხაზეთში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, სტანისლავ აფსავას სხეულის დაზიანების მიყენებაში.

"პრაიმ კრაიმის" ასევე კიდევ ერთი, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის გარდაცვალების შესახებ იტყობინება. გამოცემის ცნობით, "კანონიერი ქურდი" გია გიორგაძე თურქეთში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.



Print