ახალი ამბები
ელექტორენერგიაზე შეზღუდვები ისევ დაწესდება - სოხუმი
ენერგოსისტემაში გაზრდილი დატვირთვის გამო, ავარიების თავიდან ასაცილებლად, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდება. ინფორმაციას კომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს.
უფრო ადრე, 27 დეკემბერს, აფხაზური ენერგოკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები მოიხსნა.

მისი თქმით, "რუსეთიდან მოწოდებულმა ნაკადმა რესპუბლიკას ელექტროენერგიის მცირე მოცულობის დაზოგვის საშუალება მისცა და ამ ეტაპზე, მარაოსებრი გრაფიკის დაწესება არ იგეგმება".

7 დეკემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიაზე შეზღუდვები დაწესდა და "მარაოსებრი" გრაფიკი მოქმედდებდა, რაც აჩიგვარას ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს და ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნას უკავშირდებოდა.

უკვე წლებია, სოხუმი ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.



Print