ახალი ამბები
აფხაზეთში ელექტროენერგია დღეში ოთხი საათით გაითიშება - „ჩერნომორენერგო“ გრაფიკზე
12 იანვრიდან, აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკი ამოქმედდება, ამის შესახებ კომპანია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახური იტყობინება.
მათივე ცნობით, ამ ზომებს ენერგოსისტემაზე გაზრდილი დატვირთვის გამო, ავარიების თავიდან ასაცილებლად მიმართეს.

"მოხმარების ამ დონის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციას 715 მლნ კვტ.სთ - ის მოწოდება ვთხოვეთ 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე, თუმცა ამ პერიოდისთვის რუსულმა მხარემ 600 მლნ კვტ.სთ გამოყო. შედეგად, დეფიციტმა 115 მლნ კვტ.სთ შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.

"ჩერნომოერენერგოში" განმარტავენ, რომ ენგურჰესიდან ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით , 50 მლნ კვტ/სთ დეფიციტი ჩამოყალიბდა, შესაბამისად, მთლიანი დეფიციტი 165 მლნ კვტ/სთ-ია, რის გამოც ელექტროენერგია დღეში ოთხი საათით გაითიშება.

უფრო ადრე, 27 დეკემბერს, აფხაზური ენერგოკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები მოიხსნა.

7 დეკემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიაზე შეზღუდვები იყო დაწესებული და "მარაოსებრი" გრაფიკი მოქმედდებდა, რაც აჩიგვარას ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს და ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნას უკავშირდებოდა.

უკვე წლებია, სოხუმი ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.


Print