ახალი ამბები
მესტიის გზაზე შეზღუდვებია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ყველა მაგისტრალზე მოძრაობა შესაძლებელია, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები ძირითადად მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ტრანსპორტზეა დაწესებული.

"ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Print