ახალი ამბები
რუსლან გამისონიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - სოხუმი
სოხუმის "პროკურატურამ" სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსლან გამისონიას წინააღმდეგ. მას ბრალად ედება "სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა", ასევე ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავენ "აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევას", ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ინტერნეტ - გამოცემა "აბხაზია ინფორმი" ავრცელებს.

კერძოდ, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის მოქალაქე" რუსლან გამისონიამ 2022 წლის ივნისში ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის გვერდის გავლით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი შესაბამისი დოკუმენტაციისა და ნებართვის გარეშე, გადაკვეთა სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი და გადავიდა დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე.

აქვე ნათქვამია, რომ 2022 წლის აგვისტოში, სოციალურ ქსელ "ტიკ ტოკში", ასევე "აფხაზეთის მოქალაქე" დაურ ბუავას გვერდზე, გამისონიამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც შეიცავდა ფარულ მოწოდებას, რომელიც "მიზნად ისახავს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევას და აფხაზეთის რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში შესვლას".

გამოცემა წერს, რომ უფრო ადრე გამისონია, "აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს მიერ განზრახ მკვლელობისთვის" ოყო ნასამართლევი, ასევე გულრიფშის რაიონული სასამართლოს მიერ - რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქის გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედებების ფაქტზე".

აქვე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პირი ითვლება უდანაშაულოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე.


Print