ახალი ამბები
ოჩამჩირის რაიონში 5 ჰექტარზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ხუთი ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე გავრცელდა. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მიმდებარე ჩაის პლანტაციებს მოდებოდა. ცეცხლის ქრობაში ადგილზე მობილიზებული მეხანძრეები და ადგილობრივი მოსახლეობა იყო ჩართული. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში ხანძრის რამდენიმე კერა დაფიქსირდა აფხაზეთში, კერძოდ კი გუდაუთის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინიტრომ ადგილობრივ მედიას განუცხადა. მათივე ინფორმაციით, გუდაუთაში მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულები და ამ დროისთვის, ხანძრის ლოკალური კერები ლიკვიდირებულია.

ამავე ცნობით, ოჩამჩირის რაიონში ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზე იყო მოდებული, თუმცა რაიონის "ხელმძღვანელმა" არტემონ გაბელაიამ განაცხადა, რომ ტერიტორია დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით მდებარეობს, სიტუაციას "საგანგებოს" თანამშრომლები აკონტროლებენ და ის ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მისივე განცხადებით, მსგავსი პრობლემა ყოველ წელს იჩენს თავს, რადგან ადამიანები მშრალ ფოთლებს და ნარჩენებს წვავენ სასოფლო - სამურნეო სავარგულებთან.

"საგანგებოს" პრესსამსახური მოსახლეობას მოუწოდებს უარი თქვას მსგავს პრაქტიკაზე. უწყებაში ადასტურებენ, რომ ხანძრის გამომწვევი მთავარი მიზეზი ადამიანური ფაქტორია.





Print