ახალი ამბები
სოხუმის "საპასპორტოს" ინსპექტორს რუსეთის მოქალაქეზე "აფხაზური პასპორტის" უკანონოდ გაცემას ედავებიან
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საპასპორტო განყოფილების ინსპექტორის ვიქტორია ჯინჯოლიას წინააღმდეგ. გამოძიების თანახმად, მან რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალექსანდრე ლებედევისგან მიიღო დოკუმენტები "აფხაზეთის პასპორტის" მისაღებად, მათ შორის "აფხაზეთის პრეზიდენტის აპარატთან არსებული მოქალაქეობის კომისიის ცნობის ასლი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ". ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, 2021 წლის აგვისტოში ალექსანდრე ლებედევზე უკანონოდ გაიცა " აფხაზეთის მოქალაქის" პასპორტი, წერს "ეხო კავკაზა".

განცხადებაში არ არის მითითებული, განხორციელდება თუ არა პროცედურული ქმედებები რუსეთის მოქალაქესთან მიმართებაში, რომელმაც "აფხაზური პასპორტის" ასაღებად ყალბი ცნობა წარადგინა.

გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში აფხაზურმა ოპოზიციურმა მოძრაობამ ე.წ. გენერალურ პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ 2020–2022 წლებში "აფხაზურ პასპორტები" გაიცა 6693 ადამიანზე, მათ შორის 1526 რუსზე, 1102 ქართველზე, 3061 სომეხზე, 1004 სხვა ეროვნების წარმომადგენელზე. ამავე ცნობით, ოპოზიცია ითხოვდა გადაემოწმებინათ ინფორმაცია და დაედგინათ, "აფხაზური პასპორტების" გაცემის კანონიერება. თუმცა "პროკურატურაში მათ განუცხადეს, რომ მიმართვაში არ იყო მითითებული მონაცემები კანონდარღვევების შესახებ". "უწყებაში" დასძინეს, რომ საჩივარში დასმულ შეკითხვას "გენერალური პროკურატურის" მიერ გამოძიების დაგეგმვის შემთხვევაში გაითვალისიწნებენ.


Print