ახალი ამბები
რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ გვაქვს - საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭსა და ბათუმს, ასევე სოხუმს შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის შესაძლო დაწყების შესახებ შეტყობინებას ეხმაურება. "მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მანამდე სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა TASS-ს განუცხადა, რომ სოჭის საზღვაო პორტი მოლაპარაკებებს აწარმოებს შავი ზღვის გავლით საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის დაწყებაზე.

ინფორმაციისთვის, უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის იმედი გამოთქვა. ინიციატივას მხარი მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" დაუჭირა.

თავის მხრივ, სოხუმი მოსკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს აეროპორტის შეკეთებაზე, რათა რუსეთთან საჰაერო კომუნიკაცია დაიწყოს.


Print