ახალი ამბები
სოხუმი უარს აცხადებს თებერვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციის მიღებაზე
სოხუმში გადაწყვიტეს არ მიიღონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშული გადაწყვეტილება ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადებას უკავშირდება, რომლის ჩატარებაც 2023 წლის 21-22 თებერვალს იგეგმებოდა.

"ბოლო დროს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თანათავმჯდომარეები ყოველგვარი ობიექტური მიზეზების და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა. მსგავს სურათს ვხედავთ მიმდინარე წლის დასაწყისშიც, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივად წყვეტენ შემდეგი რაუნდის გადადების საკითხს. ჩვენი ამოსავალია, ის რომ თანათავმჯდომარეების ასეთი ქმედებები ანგაჟირებული ხასიათის მატარებელია, აფერხებს მოლაპარაკებების ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის მუშაობას და ქმნის რეგიონში სტაბილურობისთვის დამატებით საფრთხეებს", - ნათქვამია არძინბას განცხადებაში.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის თებერვალში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმების გათვალისწინებით, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა უარი ეთქვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს სოხუმში შეხვედრების ჩასატარებლად. 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი ჟენევაში 5 ოქტომბერს გაიმართა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

Print