ახალი ამბები
მელიას მხარდაჭერისთვის "ჩაგვხსნეს" - წალენჯიხის ენმ-ს ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი
გიორგი გაბელიასა და კიდევ 3 პირს, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წალენჯიხის ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდს მართავდა, გვერდთან წვდომა შეეზღუდათ. ამის მიზეზად ისინი ნიკა მელიას მხარდაჭერას ასახელებენ და ამბობენ, რომ ადმინისტრატორის ფუნქცია გაუფრთხილებლად მოუხსნეს. როგორც გიორგი გაბელიამ ჟურნალისტებს უთხრა, გვერდს ისინი 2012 წლიდან მოხალისეობრივად მართავდნენ, თუმცა, თავმჯდომარეების ცვლილება მათზე არასდროს ასახულა. 

"გუშინ მოხდა ასეთი რამ: უცნობმა პირმა ჩვენთან შეუთანხმებლად დადო პოსტი, წავშალე და დავუკავშირდი ცენტრალურ ოფისს, იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა. გავარკვევთო მითხრეს, მოგვიანებით მივიღე მეილი, რომ ჩახსნილი ვარ ენმ-ის ადმინობიდან. ამის შემდეგ, მირეკავს დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც არის კეზერაშვილის ცოლის ძმა, მეუბნება, რომ პირადად მე ჩაგხსენიო. როცა ვკითხე, რატომ - პარტიის საკუთრებაა, ასე გადავწყვიტეთო. მელიას რახან ვედექით გვერდში, იმიტომ მოხდა ეს, წმენდასავით გამოდის", - თქვა გაბელიამ.

რადიო "ათინათმა" დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირება ცადა, თუმცა, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ საკითხი ცენტრალურ ოფისში უნდა გაირკვეს.
Print