ახალი ამბები
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი თებერვლის ნაცვლად აპრილში გაიმართება
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდის გადადების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა დაადასტურა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაში, რომელსაც ტოივო კლაარი ტვიტერში ავრცელებს, ნათქვამია, რომ 2023 წლის თებერვლის ბოლოს დაგეგმილი დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილში გაიმართება. აქვე აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების გადადების მიუხედავად, "თანათავმჯდომარეები ყველა მონაწილესთან კონსულტაციებში ჩართულობის მზადყოფნას ადასტურებენ როგორც ზოგადად პროცესთან, ისე კონკრეტულად მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით".

მოსკოვი გამოეხმაურა განცხადებას ჟენევის დისკუსიების გადადების შესახებ. საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს 3 თებერვალს მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის გამართვას ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთა, რადგან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა გადაწყვეტილება რაუნდის გადადების შესახებ დელეგაციებთან შეუთანხმებლად მიიღეს, "თავიანთი სტატუსის ბოროტად გამოყენებით", რასაც რუსული მხარე "დასავლეთის დესტრუქციული ხაზის გაგრძელებად მივიჩნევს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დაბლოკვის მიზნით".

მანამდე, 31 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, მათ გადაწყვიტეს არ მიიღონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები, რომლებიც 8-9 თებერვალს აპირებდნენ სოხუმში ჩასვლას აფხაზურ მხარესთან შესახვედრად. მისი თქმით, აღნიშული გადაწყვეტილება ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადებას უკავშირდება, რომლის ჩატარებაც 2023 წლის 21-22 თებერვალს იგეგმებოდა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი ჟენევაში 5 ოქტომბერს გაიმართა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

Print