ახალი ამბები
აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი გრაფიკი დაწესდა - ჩერნომორენერგო
აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი განისაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს. მათივე განმარტებით შეზღუდვები დაწესდა "აფხაზეთის ენერგოსისტემაში ძაბვის თანაბარი განაწილების აუცილებლობიდან გამომდინარე და ქსელში ავარიების თავიდან აცილების მიზნით".

ელექტროენერგიის შეცვლილი გრაფიკით მიწოდების გადაწყვეტილება "ჩერნომორენერგომ" 31 იანვარს მიიღო. შესაბამის განცხადებაში ნათქვამია, რომ თებერვალში რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა 190 მლნ. კვტ/სთ - ს შეადგენს, რაც იანვარში მიწოდებულზე (250 მლნ. კვტ/სთ) ნაკლებია, თუმცა მოხმარების დონის (11 მლნ. კვტ/სთ დღეში) შენარჩუნების გათვალისიწნებით, კომპანია "ჩერნომორენერგო" იძულებული გახდა აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვების ახალი გრაფიკი დაეწესებინა.

ასევე ახალი განრიგი ამოქმედდება მაღალი ძაბვის ხაზებზეც, რომლებსაც ენგურჰესი უზრუნველყოფს ელექტროენერგიით. კომპანიის ინფორმაციით, ეს ჯვარის წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი (410 მ) დონით და წყლის ნაკადის დაბალი მოცულობით (25 მ3) არის განპირობებული. შეზღუდვები შეეხება ყველა კატეგორიის მომხმარებელს, რადგან გათიშვას არა ცალკეული ქვესადგურები, არამედ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ექვემდებარება", - ნათქვამია "ჩერნომორენერგოს" განცხადებაში.

 

Print