ახალი ამბები
ბჟანიამ "დონბასში გამოჩენილი მამაცობისთვის" სიკვდილის შემდეგ 4 მოხალისე დააჯილდოვა
აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ "დონბასის მოსახლეობის უფლებების დაცვისას გამოჩენილი გამბედაობისა და ვაჟკაცობისთვის" სიკვდილის შემდეგ "მამაცობის ორდენით" დააჯილდოვა ირაკლი ადლეიბა, ოლეგ ანდრუსენკო, ევგენი გადლია, ვალერი ლისენკო, აზამატ ტვანბა. "აფსნიპრესის" თანახმად, შესაბამის განკარგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა 6 თებერვალს მოაწერა ხელი.

იანვრის დსაწყისში სოხუმმა დონბასში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ სამი აფხაზი მოხალისის დაღუპვის შესახებ განაცხადა. "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" თანამრომლებმა ერთ - ერთი მათგანის, დიმიტრი წვიჟბას ცხედარი გადაასვენეს აფხაზეთში. ამავე ცნობით, დაღუპულები "პიატნაშკას" ბატალიონში ირიცხებოდნენ.

უფრო ადრე უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 4 მოხალისე დაიღუპა: გალის მცხოვრები ბესო ტაბაღუა, ახრა კირკიტაძე, არტურ კირკიტაძე და ლორან სმირი.

ინფორმაციისთვის, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" 2022 წლის მარტში აღიარა.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

2022 წლის 26 თებერვალს აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".



Print