ახალი ამბები
ენმ საკრებულოებიდანაც უნდა გავიდეს - ანა წითლიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ფიქრობს, რომ თანაპარტიელები უნდა გავიდნენ როგორც პარლამენტიდან, ასევე, საკრებულოებიდან. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. წითლიძე განმარტავს, რომ მისთვის მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში დატოვების პირობებში ენმ-ს წევრების წარმომადგენლობით ორგანოებში მუშაობა წარმოუდგენელია.

"იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რა გადაწყვეტილებაც მიიღო გუშინ სასამართლომ, მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავაგრძელოთ ან საპარლამენტო ან საკრებულოებში მუშაობა. ამიტომ მე მომხრე ვარ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, მათ შორის თბილისის საკრებულოდან გამოსვლის. ჩემთვის გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც პარლამენტის მანდატიის დატოვებას ემხრობა, საკრებულოებიდან გამოსვლას - არა.

შესაბამისად, პოზიციას ნახ ნახევარი ვაკეთოთ, მიშას რომ კლავენ ეს არ შევიმჩნიოთ, სწორი არ მგონია. თუ გამოვდივართ და ამ გზას ვირჩევთ უნდა გამოვიდეთ ყველა რგოლიდან და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს პარტიის ყველასთან შეთანხმებული პოზიცია. ჩვენ ყველგან მარტო უნდა დავტოვოთ რუსული ოცნება", - წერს წითლიძე.

ამასთან, საკუთარი პოსტის კომენტარებშივე წითლიძე წერს, რომ ეს ეხება ყველა საკრებულოს, მათ შორის, ოპოზიციურებს, გარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა.

"წალენჯიხაში სხვა მოცემულობა გვაქვს, ეგ განსახილველია", - მიიჩნევს დეპუტატი.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ენმ-მ აქციები და საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა დააანონსა.

Print