ახალი ამბები
სოხუმში თალიბანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
რუსეთში აკრედიტირებული ავღანეთის საელჩოს დელეგაცია სოხუმში ჩავიდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე "რეგიონული უსაფრთხოებაზე, ავღანეთში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და აფხაზეთთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე" იმსჯელეს.

"საგარეო უწყების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის დიალოგის გაფართოების მიზნით, აფხაზეთის დელეგაცია ქაბულში ჩავა.

"ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში მდგომარეობა დასტაბილურდება. ეს მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოების მთელი სისტემისთვის. ჩვენ ვახორციელებთ ახლო აღმოსავლეთთან დიალოგის გააქტიურების სტრატეგიას", - განაცხადა "საგარეო საქმეთა მინისტრმა" ინალ არძინბამ.

2022 წლის აგვისტოში "თალიბანმა" 20 - წლიანი ომის შემდეგ დაამხო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება. ოფიციალურად მას არცერთი ქვეყანა არ აღიარებს, მათ შორის რუსეთიც, თუმცა, რუსეთის საელჩო ავღანეთის დედაქალაქში დღესაც მოქმედებს, ისევე, როგორც ავღანეთის საელჩო რუსეთში.

გარდა ამისა, გასული წლის სექტემბერში "თალიბანმა", ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, რუსეთთან გააფორმა პირველი საერთაშორისო ეკონომიკური შეთანხმება, რომელიც მოსკოვისგან ბენზინის, დიზელის, გაზისა და ხორბლის ყიდვას ითვალისწინებს.

Print