ახალი ამბები
სოხუმში ენერგოობიექტებზე "დივერსიის შესაძლო საფრთხის" შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "შინაგან საქმეთა სამინისტრომ" და "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა" ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ამოწმებენ ინფორმაციას "შესაძლო დივერსიის საფრთხის შესახებ". ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავენ ინფორმაციის გადამოწმებას "სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიის საფრთხის შესახებ". საუბარია ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

მსგავსი ინფორმაცია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის დეკემბერშიც გაავრცელა. მაშინ ითქვა, რომ "ისინი ამოწმებდნენ ინფორმაციას შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ" და მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს და ფხიზლად ყოფილიყვნენ.

ამასთან ერთად, აფხაზურ ტელეგრამ არხებზე ტერორისტული საფრთხის შესახებ ანონიმური შეტყობინება გაჩნდა, რომლის თანახმადაც, "ვიღაც აფინანსებდა საქართველოს მხრიდან დიდ ტერორისტულ აქტს".

"ეხო კავკაზას" თანახმად, მოგვიანებით ცნობილი გახდა აფხაზეთში "თავდაცვის სამინისტროს" თანამშრომლის დაკავების შესახებ. სამხედრო მოსამსახურეს დაურეგისტრირებელი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა ბრალი, თუმცა აფხაზური მედიასაშუალებების ნაწილმა დაკავება "შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას" დაუკავშირა.



Print