ახალი ამბები
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი გალელი რამინ ბახტაძე დაიღუპა
უკრაინაში დაიღუპა 49 წლის რამინ ბახტაძე, რომელიც წარმოშობით გალის რაიონის, სოფელ პირველი ოტობაიადან იყო. ის ომში რუსეთის მხარეს მოხალისედ იბრძოდა.

რამინ ბახტაძის მამამ არნოლდ ბახტაძემ  "გალი ტვ" - ს უამბო, რომ მისი ვაჟი რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ცხოვრობდა. გასული წლის 15 დეკემბერს მეგობრებთან ერთად ჩეჩნეთში წავიდა, საიდანაც უკრაინაში გაემგზავრა. მისივე ინფორმაციით, რამინ ბახტაძე მაკეევკაში, ასობით რუს სამხედრო მოსამსახურესთან ერთად დაიღუპა.

მამის სიტყვებით, რამინ ბახტაძის ცხედარი თუთიის კუბოთი ჩამოასვენეს. შვილის ამოცნობა მამამ სვირინგის მეშვეობით შეძლო. ბახტაძე ვლადიმირში დედის გვერდით დაკრძალეს. მას ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი დარჩა.

დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაზე იერიში უკრაინის საჰაერო ძალებმა 31 დეკემბრის ღამით მიიტანა. მთლიანად დაინგრა 19-ე პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა, რომელშიც რუსეთის სამხედროები იმყოფებოდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინამ ქალაქ მაკეევკას დაარტყა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ის 6 რაკეტით. 4 იანვარს კი განაცხადეს, რომ თავდასხმას 89 სამხედრო ემსხვერპლა. ამის შემდეგ უწყებას სხვა კომენტარი აღარ გაუკეთებია. უკრაინული მხარე ასობით დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა. BBC-ის რუსულმა სამსახურმა ღია წყაროებზე დაყრდნობით 92 დაღუპულის შესახებ ინფორმაციის დადასტურება შეძლო.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს აფხაზური მედია დონბასში სამი აფხაზი მოხალისის დაღუპვის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას. ერთ- ერთი მათგანის, 32 წლის დიმიტრი წვიჟბას ცხედარი სოხუმში იანვრის პირველ რიცხვებში გადაასვენეს. 

უფრო ადრე, უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი 4 მოხალისე დაიღუპა: გალის მცხოვრები - ბესო ტაბაღუა, ახრა კირკიტაძე, არტურ კირკიტაძე და ლორან სმირი.


Print