ახალი ამბები
ჭაქვინჯის ციხე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ევროპული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მოხვდა
ჭაქვინჯის ციხე, ევროპული ქვეყნების კულტურულ ძეგლებთან ერთად, 2023 წელს ევროპის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 11 ძეგლს შორის მოხვდა. კონკურსზე ნომინირებული 11 ისტორიული ობიექტიდან, 7 ძეგლს, ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტის ანალიზისა და ფინანსების ექსპერტების მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი შეარჩევს.

საერთაშორისო კონკურსი "ევროპა ნასტრას" და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტული ძეგლის გარშემო, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, დამოუკიდებელი შეფასების მომზადებასა და სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავებას. მხარდაჭერის შემთხვევაში ჭაქვინჯის ციხეში განხორციელდება საპროექტო სამუშაოები, შემუშავდება კონცეფცია საბოლოო სახით თუ როგორ შეიძლება ძეგლის გაცოცხლება და კულტურულ შემოქმედებით სივრცედ გარდაქმნა.

ჭაქვინჯის ციხე პრესტიჟულ კონკურსზე ადგილობრივი კულტურის ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით მოხვდა.

"მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამო ციხეს გააჩნია განსაკუთრებული პერსპექტივა, როგორც ტურისტულ და ისტორიულ - კულტურული ძეგლს. ჩვენ გვინდა ჭაქვინჯის ციხის ტერიტორიაზე განთავსდეს სხვადახვა ატრაქციები, მათ შორის შუა საუკუნეების საბრძოლო მუზეუმი", - უთხრა რადიო "ათინათს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ.

მკვლევარი ლევან ხარატიშვილი გვეუბნება, რომ ჭაქვინჯის ციხის ევროპულ რუკაზე გამოჩენა მის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე გაზრდის.

"წამყვანი ევროპული ქალაქები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიანთი კულტურული ძეგლების ნომინირება შეძლონ "ევროპა ნოსტრას" მიერ ორგანიზებულ კონკურსზე. ჭაქვინჯის ციხე, რომ აღმოჩნდა ევროპულ რუკაზე, უკვე ძალიან დიდი შედეგია. ის ნომინირებულია ევროპის 11 საუკეთესო ძეგლს შორის. ეს გაზრდის მის ცნობადობას და გახდება მიზიდულობის წერტილი როგორც უცხოელი ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისთვის", - აღნიშნავს კულტურის პოლიტიკის ექსპერტი და მკვლევარი.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ევროპული ძეგლების სია 2023 წლის აპრილში გახდება ცნობილი.


Print