ახალი ამბები
მოსკოვმა სოხუმთან "საბაჟოს თანამშრომელთა სტაჟის ურთიერთაღიარების" შესახებ შეთანხმება გააფორმა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს "რუსეთ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირების შესახებ", რომელიც საბაჟოს თანამშრომლების სტაჟის ორმხრივ აღიარებას და შესაბამისად მათთვის, გამომუშავებული წლების მიხედვით, დანამატის გადახდას გულისხმობს. "ტასის" თანახმად, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია.

გამოცემის ცნობით, შეთანხმებას ხელი 2021 წლის 18 თებერვალს სოხუმში და 2021 წლის 5 აპრილს მოსკოვში მოეწერა. ის მიზნად ისახავს "რუსეთის საბაჟო ორგანოებში მომუშავე რუსეთის მოქალაქეების და აფხაზეთის საბაჟო ორგანოებში სტაჟის მქონე პირების ინტერესების დაცვას".

ხელშეკრულება იდება ხუთი წლის ვადით, მისი მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით ავტომატურად გახანგრძლივების პირობით და ძალაში შედის "ყველა საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხებით მიღების დღიდან", ვკითხულობთ ინფორმაციაში.


Print