ახალი ამბები
ბადრი ესებუა დღევანდელ პროცესს სავარაუდოდ სხდომათა დარბაზიდან დაესწრება
საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს 15:00 საათზე განახლდება. უკანასკნელ პროცესზე, ესებუა ბათუმის პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ჩაერთო, რა დროსაც შემდგომ განხილვებზე ფიზიკურად დასწრება მოითხოვა. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებულის ბათუმიდან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ეტაპირების მოთხოვნა უკვე გააგზავნა. სოსო ჯანაშიას თქმით, დღევანდელ პროცესზე პროკურატურა სავარაუდოდ საქართველოს ბანკის თანამშრომლებს დაკითხავს. 

"ბადრი ესებუამ წინა პროცესზე განაცხადა,რომ სასამართლოზე დასწრება სურდა. მოსამართლემ მისი ეტაპირების შესახებ მოთხოვნა უკვე გააგზავნა. დღეს პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი პროკურატურა ბანკის თანამშრომლების გამოკითხვას აპირებს. ჩვენი პოზიცია ცნობილია, ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.  ის აპირებს სამართლებრივად იდვაოს და დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა და თვლის,რომ მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები არის გაყალბებული,"- აღნიშნავს უფლებადამცველი სოსო ჯანაშია ჟურნალისტებთან .

ბადრი ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ტერორიზმში ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.



ამავე თემაზე: 

ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს

დისტანციურად თავს ვერ დავიცავ - ბადრი ესებუა სასამართლო სხდომებზე დასწრებას ითხოვს

პროკურატურამ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა

Print