ახალი ამბები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმნისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სპეციალური სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

დღესვე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ინვესტორის შერჩევას არ დაელოდება და პორტის მშენებლობას დამოუკიდებლად დაიწყებს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია რა სახსრებით გეგმავს მთავრობა პორტის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას, რადგანაც 2023 წლის ბიუჯეტში მსგავსი ჩანაწერი გათვალისწინებული არაა.

მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.

"შეფასების შედეგად კვალიფიცირებულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივლისისა დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენაზე და მიეცემათ კომისიის მიერ დადგენილი ვადა წინადადებათა წარმოსადგენად. შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს) და დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო საორიენტაციო ვადას დაახლოებით 12 თვე წარმოადგენს.

სხდომის დასასრულს, უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა მოიწონეს განზრახულობათა შესახებ განაცხადი, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტაციას პირველ ეტაპზე პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევად, რაც აისახა კომისიის სხდომის ოქმში," - ნათქვამია გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტარქტი გაწყვიტა.


Print