ახალი ამბები
ასლან ბჟანია ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ბელარუსში იმყოფებოდა, სადაც ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, „სახელმწიფოს მეთაურებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“.

ბელარუსიდან ბჟანია მოსკოვში დაბრუნდება და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას განაგრძობს.

ბჟანია მოსკოვში 14 თებერვალს გაემგზავრა, სადაც შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს. ბჟანიას "პრესსამსახურის" მიერ 19 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე "უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები" განიხილეს. ამავე ცნობით, ბჟანიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებთანაც, თუმცა, დეტალები ინფორმაციაში არ არის მითითებული.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 16 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "პუტინის გრაფიკში არ არის შეხვედრა აფხაზეთის პრეზიდენტთან".

ბელარუსის რეჟიმს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, სადაც ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს“. აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.


Print