ახალი ამბები
"ქართულმა ოცნებამ" ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ხახუბია წარადგინა
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ხახუბია წარადგინეს. ის ამავე ოლქის გარდაცვლილი მაჟორიტარის, ირაკლი ხახუბიას შვილია.

"ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში. თუმცა, ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელთა გამოც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია. გიორგის მიღებული აქვს განათლება კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. გარდა ამისა, გიორგი წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში", - თქვა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 29 აპრილს ჩატარდება.
Print