ახალი ამბები
ბელარუსის მოქალაქეებს აფხაზეთში "უვიზოდ" შესვლა და 30 დღემდე დარჩენა შეუძლიათ - ბჟანიას განკარგულება
ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებიც "აფხაზეთს ტურისტული ან საქმიანი მიზნებით სტუმრობენ", რესპუბლიკაში "ვიზის"გაცემის გარეშე 30 დღემდე დარჩენა შეუძლიათ, წერს ინტერეტ  გამოცემა "აფსადილ ინფო".  ამავე ცნობით, შესაბამისი ცვლილება "პრეზიდენტის" ასლან ბჟანიას 2016 წლის 30 ივნისის ბრძანებულებაში "აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ" შევიდა.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მინსკში მოლაპარაკებების მსვლელობისას ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც "გაგრძელდა ბელარუსის მოქალაქეების აფხაზეთში უვიზო ყოფნის ვადა".

მანამდე, ბელარუსის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში "უვიზოდ" არაუმეტეს ორი კვირისა დარჩენა შეეძლოთ.

ასლან ბჟანია 20 თებერვალს მინსკიში ჩავიდა, სადაც ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ აფხაზი ლიდერი მოსკოვში დაბრუნდა, სადაც 14 თებერვლიდან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავდა.

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას მინსკში ვიზიტს გამოეხმაურა და "ტვიტერზე" დაწერა რომ გმობს "ალექსანდრ ლუკაშენკას "ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტთან".

ბჟანიასა და ლუკაშენკოოს შორის მინსკში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. საგარეო უწყება ბელარუსს მოუწოდებს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბელარუსის რეჟიმს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, სადაც ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ "მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს". აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.


Print