ახალი ამბები
მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელიც იერსახეს ამახინჯებს - საქართველოს მთავრობა 
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ სხდომაზე "ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთება/აღდგენას ან დემონტაჟს ითვალისწინებს.

სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, გამოვლინდა 1 263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს მუნიციპალიტეტების იერსახეს და საჭიროებს შეკეთებასა და რეკონსტრუქციას, ზოგ შემთხვევაში კი, - დემონტაჟს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით.

მთავრობის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ მიმართულებით აუცილებელ სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უკვე მიმდინარე წელს დაიწყებენ.
Print