ახალი ამბები
სოსო ჯანაშია - ტყუილია, რომ ბადრი ესებუა შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა
,,საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, რომ ესებუას ციხიდან არავითარი წერილი არ გამოუგზავნია და ტყუილია ინფორმაცია, რომ ის შეყვარებულთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. ჯანაშიამ სასამართლოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძემ და ნიკა მემანიშვილმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს.

„როცა საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშებს იღებდნენ, ვიყავით ესებუასთან და ბუნებრივია გვქონდა ამაზე საუბარი. ანუ გავრცელებული სიუჟეტი, რაც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და ასევე, ჩემთვის უცნობმა მეორე ადვოკატმა, რომელიც უცნობი იყო ბადრი ესებუასთვისაც, გაავრცელეს ინფორმაცია, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. არანაირი წერილი ბადრი ესებუას ადვოკატისთვის არ გადაუცია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, შეყვარებული ჰყავდა, მის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და უნდოდა დაქორწინება, შემდეგ ის სხვა ადგილას დააკავეს, თითქოს ბათუმსა და თბილისში იყო. ასეთი ინფორმაცია, როგორც გავიგეთ, ბადრი ესებუას არ მიუცია, არც იმის უფლება მიუცია ადვოკატისთვის, ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინა, მისი ნებართვის გარეშე. ადვოკატი ჭორაობით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ თავის მოვალეობას უნდა ასრულებდეს და იცავდეს პირის ინტერესებს. ბადრიმ მიიღო გადაწყვეტილება და ალექსანდრე კობაიძე გაათავისუფლა თავისი დაცვის მოვალეობისგან “, - აღნიშნა ჯანაშიამ.


პროცესზე ესებუას შუამდგომლობა, რომლითაც ის უფლებადამცველ ალექსანდრე კობაიძის აცილებას ითხოვდა, მოსამართლე ეკატერინე ბებიამ სასამართლოს დარბაზში წაიკითხა, რის შემდეგაც კობაიძემ სხდომა დატოვა.

გუშინდელ სხდომაზე ასევე გამოიკითხა ოთხი ყოფილი მძევალი, მათ შორის, მურმან ბულია, რომელიც თავდამსხმელმა სამ სხვა პირთად ერთად კირცხის ტყეში დატოვა.

Print