ახალი ამბები
ინალ არძინბას ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანა სურს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მინსკში გადატანის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან "სპუტნიკს" განუცხადა, რომ "ჟენევა სულ უფრო ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოსთან მოლაპარაკებების ნეიტრალურ ადგილად და სულ უფრო ნაკლებად მისცეს მონაწილეებს თანაბარი შესაძლებლობები, ხოლო მინსკი შეიძლება გახდეს დიპლომატიური მოლაპარაკებების ეფექტური პლატფორმა".

ინფორმაციისთვის, აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია 20 თებერვალს მინსკში ჩავიდა, სადაც ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა, შემდეგ კი მოსკოვში დაბრუნდა, სადაც 14 თებერვლიდან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმეს ბჟანიას მინსკში ვიზიტი და ბელარუსს მოუწოდეს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი თებერვლის ნაცვლად აპრილში გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა დაადასტურა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი ჟენევაში 5 ოქტომბერს გაიმართა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

Print