ახალი ამბები
ზუგდიდელი სტუდენტები: მოვუწოდებთ პარლამენტს არ დაუჭირონ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო. ახალგაზრდები საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებენ არ დაუჭირონ მხარი კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ, რადგან ეს, მათი თქმით, უკიდურესად აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს. ამასთან მათ მიმართვაც გაავრცელეს, რომელსაც სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი ონლაინ რეჟიმში აწერს წელს. 

"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას განზრახვას მიიღოს კანონი. ხაგზასმით აღვნიშნავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ეს ყოველივე კი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდება. 

კანონის მიღება შეაჩერებს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობას, რომლებიც სწორედ საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის, ათასობით მოსწავლეს, სტუდენტს აძლევენ პროფესიული და აკადემიური განვითარების შესაძლებლობას. 

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი სტუდენტები ვუერთდებით საერთო სახალხო პროტესტს და მოვუწოდებთ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას არ დაუჭირონ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს !

აღნიშნული კანონი ემსახურება რუსული ინტერესების გატარებას და ის არ არის საქართველოს არჩევანი!", - ვკითხულობთ სტუდენტების მიმართვაში.

სოციალურ ქსელში კამპანია ჰეშთეგით #ზსსუევროპულიმომავლისთვის მიმდინარეობს.


ამავე თემაზე: 

სამეგრელო ზემო-სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას
Print