ახალი ამბები
ბადრი ესებუას პროცესზე იკითხება პირი, რომელმაც თავდამსხმელი ბანკთან მიიყვანა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დღეს მოწმეებს შორის არის პირი, ვინც თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ფილიალთან მიიყვანა. დავით მატუამ სასამართლოს უთხრა, რომ შენიღბული მამაკაცი, სამხედრო ფორმაში, გზაზე გადაუდგა და მანქანის გაჩერება სთხოვა. მისი თქმით შეიარაღებულმა მამაკაცი ბანკთან ჩამოვიდა და მაშინვე ცეცხლი გახსნა.

"როცა მანქანაში ჩავისვი, ვიფიქრე, თანამრშრომელია და ოპერაციაზე მიდის-მეთქი… წინ დამიდგა და გავუჩერე. მერე ბანკისკენ მიმითითა, კართან მიმაყვანინა მანქანა, გადმოვიდა და გაისროლა. მე სამსახურში წავედი და ვთქვი, ყაჩაღი მივიყვანე ბანკში-მეთქი,"- უთხრა სასამართლოს დავით მატუამ.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმეებს, მათ შორის ყოფილ მძევლებს მოუსმინა ვინც თავდამსხმელმა გაქცევისას, სოფელ კირცხის მიმდებარედ ტყეში დატოვა.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
Print