ახალი ამბები
გაგრაში ხუთ სამართალდამცველს რუსი ტურისტის წამების საქმეზე ბრალი წაუყენეს
აფხაზეთში რუსი ტურისტის ცემის საქმეზე გაგრის რაიონის ხუთ პოლიციელს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტი "აქსიომა" ავრცელებს.
"რადიო თავისუფლების" თანახმად, სამართალდამცველებს ბაღათელიას, ჯალაღონიას, ჭითანავას, მიშელიასა და ანშბას ბრალად ედებათ ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქმე, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დაიწყო, არსებითად განსახილველად გაგრის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 7 აპრილს ბაღათელიამ და მისმა კოლეგებმა მამზიშხას მთაზე აფხაზეთში ჩასული პეტერბურგის მკვიდრი არტიომ რუსსკიხი დააკავეს, ტურისტი მათ ნარკოტიკების გავრცელებაში ეჭვმიტანილად მიიჩნიეს.

შემდეგ ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს რუსსკიხის ცოლი დარია მოროზოვა და მათი მეგობარი პოლინა სალმინა. ქალები დაკითხეს, მათი სასტუმრო ოთახი გაჩხრიკეს.

"ჩემი მეგობარი დაკითხეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ. მე მხოლოდ შეშინებული ვიყავი, მკითხავდნენ მრავალი საათის განმავლობაში, მთავაზობდნენ დამესმინა მეგობრები, რადგან მათ ისედაც ციხეში ჩასვამდნენ", - განუცხადა მოროზოვამ უფლებადამცველ პაველ ჩიკოვს. შინაგან საქმეთა განყოფილებაში პოლიციელებმა, "აქსიომის" თანახმად, რუს ტურისტებს რამდენჯერმე დაარტყეს და "დაშინების მიზნით" იარაღს უჩვენებდნენ. ამის შემდეგ, მამაკაცი გადაიყვანეს ცარიელ ოთახში, სადაც იგი რეზინის ხელკეტით სცემეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში პოლიციელებს სურდათ, რომ ძალის გამოყენებით რუსსკიხს ეღიარებინა ნარკოტიკების გაყიდვა.

დაზარალებულმა ასევე თქვა, რომ სამართალდამცველებმა იგი მთის მდინარესთან მიიყვანეს და ყინულოვან წყალში რამდენჯერმე ჩააყოფინეს თავი. რუსსკიხის თქმით, ის და მისი თანამგზავრი მხოლოდ მეორე დილით ექვსი საათისთვის გაათავისუფლეს, საზღვარზე გადაიყვანეს და ურჩიეს არასოდეს დაბრუნებულიყვნენ აფხაზეთში.

აფხაზეთის დატოვების შემდეგ არტიომ რუსსკიხმა ცემისა და წამების დამადასტურებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და თავისი განცხადება რუსეთისა და აფხაზეთის გენერალურ პროკურატურებს გაუგზავნა.

თავდაპირველად რუსი ტურისტის საჩივრის პასუხად სოხუმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სტუმარს არა მილიციის თანამშრომლებმა, არამედ "დაუდგენელმა პირებმა" სცემეს.


Print