ახალი ამბები
არა რუსულ კანონს - აქცია ზუგდიდში
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ისინი თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს უცხადებენ სოლიდარობას და მათ მოთხოვნებს იზიარებენ. 

"მე პირადად ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი თბილისში. იმ ადგილას, სადაც რეალურად წყდება ბოლო ათწლეულების ჩვენი ბედი. ჩვენი საუკუნოვანი არჩევანი არის ევროპა. ამ ხელისუფლებას უნდა, რომ დაგვაშოროს ამ არჩევანს და შეუძლებელია ამისთვის გვეყურებინა სახლიდან. ფაქტობრივად, სულ რამდენიმე წუთის წინ დავაანონსეთ, რომ გამოვსულიყავით, გარეთ დავმდგარიყავით. აქ ვდგავართ იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი, მივაწვდინოთ ზუგდიდელების ხმა მთელს საქართველოს. სოლიდარულები ვართ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის, რომელიც არის ანტისაოკუპაციო და ვუერთდებით მთელი გულით", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორიგანიზატორმა ბაჩანა შენგელიამ.

აქციის მონაწილეებმა გუბერნიის წინ დატოვეს წარწერა - "არა რუსულ კანონს". 

"მოვუწოდებთ ყველას, ვინც ეწინააღმდეგება ამ კანონის მიღებას ჩვენს ქვეყანაში, დადგეს ამ ერთიანობის გვერდით. სოლიდარობა მნიშვნელოვანია, რომ არ დავუბრუნდეთ რუსეთს და მივაღწიოთ ჩვენს ისტორიულს მიზანს, რასაც ჰქვია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. ვფიქრობ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან არის სრულიად უკანონო, ანტიკონსტიტუციური", - აღნიშნა აქციაზე მყოფმა დავით ლოგუამ. 

ცოტა ხნის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველივე მოსმენით კენჭი უყარეს მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონპროექტს, რომელსაც მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 13-მა.
Print
თეგები: აქცია / ზუგდიდი /