ახალი ამბები
პარალმენტთან წუხელ პოლიციამ 66 დემონსტრანტი დააკავა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 66 დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის იყო პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 - ე და 173 - ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ჯარიმას ან ადმინისტრაციული პატიმრობას ითვალისწინებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 50 სამართალდამცავი დაშავდა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-ს დაშავებული თანამშრომლების ნაწილს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.

"ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს საქართველოს, 76 ხმით 13 - ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო. კანონი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს.

საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ოპოზიცია მოუწოდებდნენ საპარლემნტო უმრავლესობას უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის შეფერხებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები. 

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა ამ განცხადებებს პროვოკაციულს უწოდებს და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას გეგმავს.

დღეს, 8 მარტს, 15:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია ისევ გაიმართება. მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.





Print