ახალი ამბები
საპროტესტო აქცია-მსვლელობა ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაგეგმილი აქცია დასრულდა.  მოქალაქეები ჯერ ქალაქის ცენტრში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.მოგვიანებით ისინი მსვლელობით და შეძახილებით "არა რუსულ კანონს" სამხარეო ადმინისტრაციისკენ გაემართნენ. იქ აქციის მონაწილეებმა ჯერ ქვეყნის ჰიმნი შეასრულეს, შემდეგ კი სკანდირებდნენ - "საქართველო", "ევროპა", "არა რუსეთს" და სხვა."დღეს ზუგდიდში შეკრებილი საზოგადოება ვაპროტესტებთ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მხარდაჭერას. იცით, რომ პირველი მოსმენით მიიღეს ეს კანონი. დაუშვებელია საქართველოში რუსული მმართველობის დაკანონება, იმ კანონის მიღება, რომელიც ქვეყანას ართმევს ევროპულ მომავალს. საქართველოს მომავალი არის ევროპაში, სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ და ვიბრძოლებთ ბოლომდე", - აღნიშნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.ახალგაზრდებმა აქციაზე მიიტანეს პლაკატები, წარწერებით "საქართველო არასდროს იქნება რუსეთი", "ჩვენი მომავალი ევროპაშია", "ჩვენი უფლებები საფრთხეშია", "ვერ დაგვიმორჩილებთ რუსული კანონებით" და ა.შ."აქ შეკრებილი ხალხი ეწინააღმდეგება იმ მავნებლობას, რომელიც გუშინ გაფიქსირდა საქართველოს პარლამენტში. დეპუტატებმა მიიღეს ის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის ჩამორეცხვაც წლების განმავლობაში მოგვიწევს მთელს ერს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ აზრს, რომ არა ყველაფერ ანტიქართულს, ანტიკონსტიტუციურს და არა რუსულ ზრახვებს", - უთხრა რადიო "ათინათს" ორგანიზაცია "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" დამფუძნებელმა ედუარდ ფარცვანიამ.გუბერნიის ტერიტორიიდან აქციამ მერიის შენობასთან გადაინაცვლა, სადაც აქციაზე მყოფმა სხვადასხვა ასაკის ადამიანმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა."დედაჩემს რუსეთის გუბერნიაში საცხოვრებლად არ გავუჩენივარ და სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას ჩვენ ვერავინ წაგვართმევს. აუცილებლად ვიდგებით აქ, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ის", - აღნიშნა აქციაზე მყოფმა ელენე ადამიამ.დღევანდელი აქცია ქალთა მარშის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა. გუშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა არაერთგზის გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. 




Print