ახალი ამბები
არძინბა თბილისში "უცხოური აგენტების" წინააღმდეგ მიმართულ აქციებს ეხმაურება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სოხუმში ყურადღებით აკვირდებიან თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს. ინალ არძინბა თვლის, რომ "ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის კიდევ ერთი მცდელობაა" და დემონსტრანტებს, რომლებიც ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ, "ინსტრუქტაჟი აქვთ მიღებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოსგან".

"გარდა ამისა, ტრადიციულად აღვნიშნავთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლს ამ ზომების მომზადებაში", - ნათქვამია არძინბას განცხადებაში.

მისი მტკიცებით, "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია, მუდმივ კონტაქტში იმყოფება "თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან", ხოლო "საზღვარი" არის შესაბამისი აფხაზური და რუსული სპეციალური ქვედანაყოფების საიმედო დაცვის ქვეშ.

გასული წლის იანვარში აფხაზურ საზოგადოებაში დისკუსია მოჰყვა "უცხო აგენტის" შესახებ კანონპროექტის განხილვას.

მაშინ მოქალაქეების ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრემიერ - მინისტრს და პარლამენტის სპიკერს მიმართა. მიმართვის ხელმომწერების განცხადეს, რომ აღნიშნული კანონი ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება "აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯზე".

მიმართვის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ "უცხო აგენტების" შესახებ კანონის მიღება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ აფხაზეთის სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ საზოგადოების დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას.

აქვე აღნიშნულია, რომ "აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების პოზიციასთან კატეგორიული უთანხმოების მიუხედავად, ისინი უარს ვერ იტყვიან გარე კონტაქტებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ურთიერთობაზე იმ მიზეზითაც, რომ სეთ ასეთ შემთხვევაში, "აფხაზეთის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს მიაწვდიან რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები".

ამავე მიმართვაში ნათქვამია, რომ "კატეგორია "უცხო აგენტი" ცრუ და პროპაგანდსტული კლიშეა და თუ ამ კანონს მიიღებენ, ის რეპრესიის ინსტრუმენტად იქცევა".

"უცხო აგენტების" შესახებ კანონპროექტის შემუშავებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "იუსტიციის სამინისტრო" რუსეთთან "ერთიანი სოციალურ - ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ" პროგრამის ფარგლებში გეგმავს. პროგრამა "აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს".

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, რასაც საპროტესტო ტალღა მოჰყვა და აქციები მოჰყვა.

7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს-ს თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს, სულ დაკავებულია 133 პირი.







Print