ახალი ამბები
ამაყი ვარ ჩემი მოსწავლეებით - კახაბერ ფარცვანია ფრანგული ენის წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
2022 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად კახაბერ ფარცვანია დასახელდა. ინფორმაციას და დაჯილდოების ამსახველ ფოტოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, გამარჯვებულს გადაეცა საპატიო ჯილდო – საუკეთესო მასწავლებლის სამკერდე ნიშანი, შესაბამისი სერტიფიკატი და პლანშეტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, გამარჯვებული პედაგოგი ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის.

კახაბერ ფარცვანია, რომელსაც წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ერგო, ზუგდიდის მესამე, მეოთხე, სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის მეორე და რუხის საჯარო სკოლებში, ასევე პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგულ კოლეჯში ასწავლის ფრანგულ ენას.

"ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, როდესაც მისი შრომა ფასდება", - უთხრა ფარცვანიამ რადიო "ათინათს". მისი თქმით, ის ძალიან ამაყობს თავისი მოსწავლეებით, მით უმეტეს, რომ აღნიშნულ საჯარო სკოლებში ფრანგულის, როგორც არჩევითი საგნის, სწავლება მხოლოდ წელს დაიწყო.

"ძალიან ამაყი ვარ ჩემო მოსწავლეებით... მარტივი არ იყო, როდესაც ეს ჟიური მთელი შემადგენლობით გესწრება გაკვეთილზე და ამ დროს ბავშვები მაქსიმუმს ავლენენ. მადლობას ვუხდი ჩემს მოსწავლეებს პირველ რიგში, შემდგომ ჩემს კოლეგებს, მშობლებს, იმიტომ, რომ ამ სადამკვირვებლო გაკვეთილის შემდეგ, უკვე ტარდება ინტერვიუ კოლეგებთან, მშობლებთან. მოკლედ, კონკურსის პირობებით, ბევრი კრიტერიუმით ფასდება მასწავლებელი და ბევრი კრიტერიუმით ირჩევა საბოლოოდ გამარჯვებული", - გვითხრა მან და ხაზი გაუსვა, რომ მსგავს აქტივობებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის.

ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონია ყიველწლიურად ტარდება. წელს ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთისა და შვეიცარიის საელჩოების მხარდაჭერით, ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

კახაბერ ფარცვანია 2020 წლამდე ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავდბდა.



Print