ახალი ამბები
დედის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს - ადვოკატი
მარტვილის ერთ-ერთ სოფელში დაკავებულ მამაკაცს საგამოძიებო უწყებამ ბრალი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად წარუდგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა გვანცა შელიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. უფლებადამცველი არ აკონკრეტებს იგეგმება თუ არა მისი შერაცხადობის ექსპერტიზის გზით დადასტურება. 

"რაც შეეხება საქმის დეტალებს, ამაზე ვერ ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარეს საქმის მასალები ჯერ არ გადმოუცია ჩვენთვის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. მის შერაცხადობას რაც შეეხება, ამას ექსპერტიზის დასკვნა სჭირდება როგორც მოგეხსენებათ, რაზეც ასევე ვერ ვისაუბრებ ამ ეტაპზე" - აღნიშნა შელიამ.

სოფელ მუხურჩაში დედის მკვლელობისთვის მამაკაცი შსს-ს თანამშრომლებმა მას შემდეგ აიყვანეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ქალი ბუნებრივი სიკვდილით არ იყო გარდაცვლილი და მას დაზიანებები თავის არეში ნაჯახით ჰქონდა მიყენებული. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print