ახალი ამბები
გალის რაიონში ძალოვანი უწყებებისთვის წვრთნები მიმდინარეობს
გალის რაიონში სასწავლო - საწვრთნელი ღონისძიებები ტარდება, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურები მონაწილეობენ. აფხაზური მედიის თანახმად, სწავლება ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას დავალებით იმართება. აქვე, წვრთნების ორგანიზატორები მოსახლოებას მოუწოდებენ, არ აყვნენ პანიკას და ცრუ ინფორმაციას.

ამავე ცნობით, ღონისძიება 11 მარტს დაიწყო და 14 მარტს დასრულდება.

უფრო ადრე აფახაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ინალ არძინბა გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წიმააღმდეგ იყო მიმართული. მან მაშინ აღნიშნა, რომ "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია, მუდმივ კონტაქტში იმყოფება "თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან", ხოლო "საზღვარი" არის შესაბამისი აფხაზური და რუსული სპეციალური ქვედანაყოფების საიმედო დაცვის ქვეშ.

7, 8 და 9 მარტს საქართველოს პარლამენტის წინ აქციები მიმდინარეობდა. პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას და მის გაწვევას ითხოვდნენ. დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. აქციების განმავლობაში პოლიციამ ჯამში 133 ადამიანი დააკავა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეები 9 მარტს გაათავისუფლეს.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ და "ხალხის ძალამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღეს. კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან 10 მარტს გაიწვიეს. 

ინფორმაციისთვის, გასული წლის იანვარში აფხაზურ საზოგადოებაში დისკუსია მოჰყვა "უცხო აგენტის" შესახებ კანონპროექტის განხილვას.

მაშინ მოქალაქეების ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრემიერ - მინისტრს და პარლამენტის სპიკერს მიმართა. მიმართვის ხელმომწერების განცხადეს, რომ აღნიშნული კანონი ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება "აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯზე".

მიმართვის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ "უცხო აგენტების" შესახებ კანონის მიღება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ აფხაზეთის სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ საზოგადოების დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას.

აქვე აღნიშნულია, რომ "აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების პოზიციასთან კატეგორიული უთანხმოების მიუხედავად, ისინი უარს ვერ იტყვიან გარე კონტაქტებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ურთიერთობაზე იმ მიზეზითაც, რომ სეთ ასეთ შემთხვევაში, "აფხაზეთის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს მიაწვდიან რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები".

ამავე მიმართვაში ნათქვამია, რომ "კატეგორია "უცხო აგენტი" ცრუ და პროპაგანდსტული კლიშეა და თუ ამ კანონს მიიღებენ, ის რეპრესიის ინსტრუმენტად იქცევა".

ინფორმაციისთვის, "უცხო აგენტების" შესახებ კანონპროექტის შემუშავებას დე ფაქტო რესპუბლიკის "იუსტიციის სამინისტრო" რუსეთთან "ერთიანი სოციალურ - ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ" პროგრამის ფარგლებში გეგმავს.
პროგრამა "აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს".



Print