ახალი ამბები
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო ფიზიკური პირი 1 000, ხოლო იურიდიული 2 000 ლარით დაჯარიმდება 
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა  იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც დაწესდება უფრო მკაცრი ჯარიმები სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. 

კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა - ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, - 2 000 ლარის ოდენობით.

"კანონპროექტი მომზადდა გავრცელებული მავნე პრაქტიკის - მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდების გამო, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. ამასთან, დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებსა ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა", - ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.

ამასთან, სხდომაზე მიიღეს განკარგულების პროექტი "საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ".

"ახალი პროექტის თანახმად, ურბანულ გარემოში რეკრეაციული სივრცეები შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ურბანული ტერიტორიების გამწვანების ერთიანი და გამართული სისტემის დანერგვას მწვანე ნარგავების შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების გათვალისწინებით", - ნათქვამია მთავრობის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print