ახალი ამბები
სუბარს ჩამოერთვას ფოთის საპატიო მოქალაქეობა - პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებენ
"აგენტების კანონის" ინიციატორისა და მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენლისთვის ფოთის საპატიო მოქალაქის ჩამორთმევის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. ის სამოქალაქო პლატფორმამ "ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის" გამოაქვეყნა. ხელმომწერები ქალაქის მერს ბექა ვაჭარაძეს და ფოთის საკრებულოს მიმართავენ და მიიჩნევენ, რომ სუბარისთვის საპატიო მოქალაქეობა, არც მინიჭების მომენტში და არც ახლა შეესაბამება კრიტერიუმებს.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი - ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტიკონსტიტუციური კანონის მიღების ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია. მოქალაქეთა მრავალდღიანი პროტესტისა და თავგანწირული წინააღმდეგობის გარეშე, კანონი სახელმწიფოს მომავალსა და მის არჩეულ კურსს შეუქცევადად დააზიანებდა.

გამომდინარე აქედან, პროტესტის ნიშნად, ვითხოვთ, სოზარ სუბარს ჩამოერთვას ფოთის საპატიო მოქალაქეობის წოდება, რომელიც, 2017 წელს, ქალაქის იმდროინდელმა მერმა, ირაკლი კაკულიამ (ის დღეს კორუფციის ბრალდებით იხდის სასჯელს) მიანიჭა. 

მიგვაჩნია, რომ სოზარ სუბარისთვის საპატიო მოქალაქეობა, არც მინიჭების მომენტში და არც ახლა შეესაბამება  ფოთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2016 წლის №6/12 დადგენილებაში გაწერილ კრიტრიუმებს, რომლის თანახმადაც, "საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის".

მიგვაჩნია, რომ ანტისახელმწიფოებრივი კანონის ავტორი, ვერანაირი მაგალითი ფოთელებისთვის ვერ იქნება, მით უფრო, ფოთისთვის უანგარო სამსახურსა და განსაკუთრებულ ღვაწლში, ის არასოდეს ყოფილა შემჩნეული", - ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

ამასთან, ავტორები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ აღნიშნული წოდების მინიჭება გახდეს საზოგადოების საყოველთაო განხილვისა და მსჯელობის საგანი, მკაფიოდ დადგინდეს კანდიდატთა დამსახურებისა და ღვაწლის რელევანტურობა კრიტერიუმებთან, რათა გამოირიცხოს მსგავსი შეუსაბამობა მომავალშიც. 


Print