ახალი ამბები
დღეისთვის საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა არის გამოცხადებული - ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტზე
მთავრობას აქვს მკაფიო მკაფიო გეგმა ანაკლიის განვითარებასთან დაკავშირებით და გეგმაზომიერად მივყვებით მას, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობდა ანაკლიის პორტის განვითარების საკითხზე და 2022 წელი მოსამზადებელ სამუშაოებს დაუთმო, მათ შორის პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრის კუთხით.

"დღეისთვის საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა არის გამოცხადებული და ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს ბევრი კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, წამყვანი საპორტო ოპერატორები, მშენებელი ან კონსორციუმის კუთხით კომპანიები, რომლებიც დღეს აქტიურ რეჟიმში ცვლიან ინფორმაციებს ჩვენს სააგენტოსთან. პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს ორი თვის განმავლობაში, ერთ თვეში გვექნება პირველადი ინფორმაცია, შემდეგ უნდა გადავიდეთ წინადადებების მოთხოვნის ეტაპზე, როდესაც ჩვენ უნდა დავაზუსტოთ პარამეტრები და პირობები, რომლებიც ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე ფიქსირდება. იმედი გვაქვს, რომ წლის განმავლობაში ასეთ პარტნიორს შევარჩევთ, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, პარალელურად, ტერიტორიები, სადაც პორტი უნდა განავითარონ, უკვე ეკუთვნის სახელმწიფოს, ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც მიმდინარე კვირაში დააფუძნებს სახელმწიფო კომპანიას და დაიწყებს არსებული დოკუმენტების განახლებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობამ მიმდინარე წელს უნდა შეძლოს სამშენებლო სამუშაოების დაწყება და მობილიზება, ასევე კერძო პარტნიორს შერჩევის პროცესის დაწყება.


Print