ახალი ამბები
ასლან ბჟანიამ გალის რაიონში "სამუშაო შეხვედრა" გამართა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გალის რაიონში სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ე.წ. თავდაცვის მინისტრის ანგარიში მოისმინა "პერსონალის სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლების ღონისძიებების შესახებ" და აფხაზეთ - სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ახალი საინჟინრო ობიექტების ინსპექტირება ჩაატარა. ინფორმაციას "პრეზიდენტის" ადმინისტრაცია ავრცელებს.

11 მარტიდან გალის რაიონში ძალოვანი სტრუქტურებისთვის სასწავლო - საწვრთნელი ღონისძიებები მიმდინარეობს. აფხაზური მედიის თანახმად, სწავლება, რომელიც "პრეზიდენტის" ასლან ბჟანიას დავალებით იმართება, 14 მარტს დასრულდება. 

ამავე ცნობით, წვრთნების ორგანიზატორები მოსახლოებას მოუწოდებენ, არ აყვნენ პანიკას და ცრუ ინფორმაციას.

უფრო ადრე აფახაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ინალ არძინბა გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წიმააღმდეგ იყო მიმართული. მან განაცხადა, რომ "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია, მუდმივ კონტაქტში იმყოფება "თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან", ხოლო "საზღვარი" არის შესაბამისი აფხაზური და რუსული სპეციალური ქვედანაყოფების საიმედო დაცვის ქვეშ.

7, 8 და 9 მარტს საქართველოს პარლამენტის წინ აქციები მიმდინარეობდა. პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას და მის გაწვევას ითხოვდნენ. დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. აქციების განმავლობაში პოლიციამ ჯამში 133 ადამიანი დააკავა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეები 9 მარტს გაათავისუფლეს.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ და "ხალხის ძალამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღეს. კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან 10 მარტს გაიწვიეს.

აღსანიშნავია, რომ "უცხო აგენტის" შესახებ კანონპროექტის განხილვას გასული წლის იანვარში დისკუსია აფხაზურ საზოგადოებაში მოჰყვა. მაშინ მოქალაქეების ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრემიერ - მინისტრს და პარლამენტის სპიკერს მიმართა. მიმართვის ხელმომწერების განცხადეს, რომ აღნიშნული კანონი ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. მიმართვის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ "უცხო აგენტების" შესახებ კანონის მიღება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ აფხაზეთის სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ საზოგადოების დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას.

ინფორმაციისთვის, "უცხო აგენტების" შესახებ კანონპროექტის შემუშავებას დე ფაქტო რესპუბლიკის "იუსტიციის სამინისტრო" რუსეთთან "ერთიანი სოციალურ - ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ" პროგრამის ფარგლებში გეგმავს.
პროგრამა "აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს".

Print